English / ქართული / русский /
ციცინო თეთრაული
ინოვაციების როლი ეკონომიკის განვითარებაში და მაღალი ტექნოლოგიების გამოწვევები

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ინოვაციების როლი და მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებაში. აგრეთვე ინოვაციების გენეზისი. დახასიათებულია ეკონომიკური ციკლები მათი ბუნება და თავისებურებები. გამოკვლეულია მაღალი ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივები გლობალიზაციის პირობებში და მისი გამოწვევები შრომის ბაზარზე. გაანალიზებულია კაცობრობის წინაშე მდგარი გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური ზრდის საკითხები.

საკვანძო სიტყვები: ინოვაცია, მაღალი ტექნოლოგიები, ეკონომიკური ციკლები, ალგორითმები, დატაიზმი და `მწვანე ეკონომიკა~. 

შესავალი

მსოფლიოს წინაშე მდგარი გლობალური გამოწვევების რიცხვი თანდათან უფრო იზრდება. სოციალურ ეკოლოგიურ ეკონომიკურ უსაფრთხოებებს დაემატა პანდემია და პოსტპანდემიური ეკონომიკური რეცესია. 

* * *

გლობალიზაციის პირობებში ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია ინოვაციების გარეშე. ინოვაცია ეკონომიკური ზრდის გასაღებია. როგორც კ. ფრიმენი აღნიშნავს: “არ გასწიო ინოვაცია, ნიშნავს მოკვდე”~. კაცობრიობის განვითარების ისტორიაში ინოვაციებს უხსოვარი დროიდან ჰქონდა ადგილი, მაგრამ იგი კუს ნაბიჯით მიიწევდა წინ. როდესაც ადამიანმა პირველად გამოიგონა მშვილდისარი, მოკლა ნადირი და ხორცი  თანამოძმეთა შორის გაანაწილა, ეს უკვე იყო ინოვაციური ეკონომიკის ჩანასახი. ადამიანმა გამოიგონა და საკუთარი ხელით შექმნა იარაღი, ამ იარაღით მოიპოვა საკვები და დაიკმაყოფილა შიმშილი. ადამიანი თავისი ბუნებით შემოქმედი არსებაა. მშვილდისრის გამოგონებიდან (მეზოლითის ეპოქა, 10-8 ათასწლეული ჩვენს ეპოქამდე) რობოტებისა და ინტერნეტის გამოგონებამდე კაცობრიობამ საუკუნეები გამოიარა. გენიალურმა მხატვარმა ლეონარდო და ვინჩიმ ჯერ კიდევ XV საუკუნეში სხვა მრავალ გამოგონებასთან ერთად შექმნა მექანიკური ადამიანის დეტალური პროექტი, რომელსაც შეეძლო ხელების ტრიალი და თავის მოძრაობა. შუა საუკუნეებში შეიქმნა საათები, მოძრავი ფიგურებით, კომპასი, ქარის წისქვილები და ა.შ., მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი რევოლუციური გამოგონება იყო გუთანი, როდესაც ადამიანმა გაავლო პირველი ხნული და სამუდამოდ მიეჯაჭვა მიწას, ხორბალს. ჰომოსაპენსების ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეპოქა. მონადირე-შემგროვებლებმა თანდათან მიატოვეს მომთაბარე ცხოვრება, მიეჯაჭვნენ მიწას და გადაიქცნენ გლეხებად; მოიპოვეს “პური ჩვენი არსობისა”, გაჩნდა ჭარბი საკვები, დამთავრდა ღია ცის ქვეშ ტყე-ღრეში სიარული. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ადამიანთა ინტენსიური გამრავლება. გაჩნდნენ მდიდრები და ღარიბები, საზოგადოება დაიყო კლასებად. ერთმა ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულმა მცენარემ, ხორბალმა სამუდამოდ მიიჯაჭვა ადამიანი და გადაწყვიტა კაცობრიობის ბედი. განვითარდა სოფლის-მეურნეობა, მეცხოველეობა.

თავის ნაშრომში ე. ტოფლერი გამოყოფს კაცობრიობის ისტორიიდან 3 სტადიას, რომელსაც ინოვაციის სამი ტალღა უწოდა: 1) სასოფლო-სამეურნეო რევოლუცია, 2) სამრეწველო რევოლუცია, 3) ინფორმაციული რევოლუცია, რომელიც ცხოვრების ახალ წესს ნერგავს: `ვინც ფლობს ინფორმაციას, ფლობს მოსფლიოს~.

კაცობრიობამ უკვე გაიარა სამრეწველო რევოლუციების 4 ეტაპი: პირველი სამრეწველო რევოლუციის ძირითად წლებად მიჩნეულია 1780-1840 წწ. ის დიდი ბრიტანეთიდან დაიწყო  ორთქლის ძრავის გამოგონებით, საფეიქრო მრეწველობისა და მანქანათმშენებლობის განვითარებით. მეორე სამრეწველო რევოლუციაც ევროპიდან დაიწყო - სარკინიგზო მიმოსვლის განვითარება, მეტალურგია და ა.შ. მესამე სამრეწველო რევოლუცია აშშ-დან დაიწყო 1900-1950 წ.წ. - ავტომანქანები, შიგაწვის ძრავა, ავიაცია, ქიმიური პროდუქტები: ატომური ენერგია, ბირთვული იარაღი. მეოთხე სამრეწველო რევოლუცია 1950 წლიდან დღემდე - შეიქმნა კომპიუტერები, ინტერნეტი, სინთეზური მასალები და ა.შ.

მეხუთე სამრეწველო რევოულციას რაც შეეხება, ჩვენ ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ. ეს იქნება ნანოტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ალგორითმებისა და ლამის ადამიანების რობოტებით ჩანაცვლების ეპოქა, როგორც ვხედავთ ეკონომიკური განვითარება სისხლხორცეულად არის დაკავშირებული სიახლეებთან, მის დანერგვასთან, ანუ ინოვაციებთან.

ეკონომიკურ ლიტერატურაში ავსტრიელმა მეცნიერმა შუმპეტერმა შემოიტანა ტერმინი “ინოვაცია”, რომელიც ლათინურად (inovation) განახლებას ნიშნავს. ინოვაციის შინაარსში იგულისხმება შექმნილი სიახლის პრაქტიკაში გამოყენება, ანუ კომერციალიზებული სიახლე არის ინოვაცია. შუმპეტერი ინოვაციის განიხილავდა როგორც მოგების გადიდების სამეწარმეო ხერხს.

ნ. კონდრატიევმა თავის თეორიაში კონიუნქტურის დიდი ციკლების შესახებ, დაასაბუთა დიდი ციკლების არსებობა 50-60 წლიანი ხანგრძლივობით. მისი აზრით, დიდი ციკლის აღმავალი ტალღის დაწყების წინ ხდება ღრმა თვისებრივი ცვლილებები საზოგადოების სამეურნეო საქმიანობაში, რომელიც გამოიხატება ტექნოლოგიებში მომხდარი კარდინალური სიახლეებით როგორც წარმოების, ისე გაცვლის სფეროში. ამ ცვლილებებში კი იგულისხმება ინოვაციების განხორციელება ეკონომიკაში, ეკონომიკური ციკლი არის მაკროეკონომიკის წრიული მოძრაობა, რომელშიც თანმიმდევრულად მეორდება 4 ფაზა: 1) კრიზისი (დაქვეითება); 2) დეპრესია (ფსკერი); 3) აღმავლობა (გამოცოცხლება); 4) ბუმი (პიკი). კ. მარქსი ერთ-ერთი პირველი ეკონომისტი იყო, რომელმაც ამ პრობლემას დიდი ყურადღება მიაქცია და თავის ნაშრომებში მოგვცა მისი ფორმულირება. იგი ეკონომიკური კრიზისების წარმოშობის ძირითად მიზეზად მიიჩნევდა კაპიტალის ძირითად წინააღმდეგობებს; წინააღმდეგობას წარმოების საზოგადოებრივ ხასიათსა და წარმოების შედეგების მითვისების კერძო კაპიტალისტურ ფორმას შორის. მისი აზრით კრიზისი უპირველეს ყოვლისა ვლინდება საქონლის ჭარბ წარმოებაში, კრედიტების შემცირებასა და სასესხო პროცენტის ამაღლებაში. ეს კი იწვევს მოგების შემცირებასა და წარმოების ვარდნას, საბანკო დავალიანებების ზრდას, საბანკო კრახსა და ეკონომიკის სხვა სფეროებში საწარმოთა გაკოტრებას.

ცალკეული ეკონომიკური ციკლები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი ხანგრძლივობითა და ინტენსივობით. არცერთი ციკლი ზუსტად არ იმეორებს მეორეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მაინც აქვთ ბევრი საერთო ნიშანი: დაქვეითება, დეპრესია, აღმავლობა და ბუმი, რომელიც ყოველი ეკონომიკური ციკლისთვის დამახასიათებელი საერთო ფაზებია, გამოიყოფა აგრეთვე: 1) ჟუგლარის ციკლები (7-11 წ.). ამ ციკლს აგრეთვე მოიხსენიებენ სხვა სახელწოდებითაც – “სამრეწველო ციკლი”, “საშუალო ციკლი”, “დიდი ციკლი”. ჟუგლარის ციკლი დაკავშირებულია ძირითად საწარმოო სიმძლავრეებთან და კაპიტალის ინვესტიციებთან; 2) კუზნეცის ციკლები – “საშუალო ტალღები” (18-25 წ.). ს. კუზნეცი კვლევის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეროვნული შემოსავლის, სამომხმარებლო ხარჯების, საწარმოო დანიშნულების მოწყობილობებში, მშენებლობებსა და ნაგებობებში, ერთობლივი ინვესტიციების მაჩვენებლები მოწმობდა ურთიერთდაკავშირებული ოცწლიანი რყევების არსებობას. ითვლება რომ ის არის ტექნოლოგიური ციკლი, რომლის დროსაც მიმდინარეობს ძირითადი ტექნოლოგიების მასიური განახლება, მაშასადამე, მას აქვს ინოვაციური ხასიათი და ემთხვევა კონდრატიევის ციკლებს; 3) კიტჩინის “მოკლე ციკლები” (2-4 წ.) – მან დიდი ყურადღება დაუთმო ეკონომიკური ციკლების მოკლე ტალღების კვლევას.

თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებაში ცნობილია ციკლების 1000-ზე მეტი ტიპი, ზოგიერთი მეცნიერი კი მხოლოდ ორ ფაზას გამოყოფს: ვარდნას და აღმავლობას.

ინოვაციური ეკონომიკის ფუნდამენტს წარმოადგენს განათლება და მეცნიერება. აქედან გამომდინარე მაღალგანვითარებული ეკონომიკის ქვეყნები კოლოსალურ თანხებს დებენ სამეცნიერო სფეროში, მეცნიერ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებაში, ძველად მეფეები, იმპერატორები, თავიანთ შემოსავალს მდიდრულ ზეიმებში, ბრწყინვალე სასახლეებში და არასაჭირო ომებში ხარჯავდნენ. ოქროს მონეტებს რკინის სკივრებში ყრიდნენ, დიდი კლიტეებით კეტავდნენ და მიწაში ფლავდნენ, დღეს კი ჭეშმარიტი კაპიტალისტები მოგებას ახალი ქარხნების, საწარმოების გასაფართოებლად, ახალი თანამშრომლების დასაქირავებლად, ახალი პროდუქტის შესაქმნელად და ინოვაციური ეკონომიკის განსავითარებლად იყენებენ. ცნობილია რომ მეწარმეობისა და ბიზნესის ბუნების ახსნის საფუძვლები უნდა ვეძებოთ რომის სამართალში. ჯერ კიდევ კანტილიონმა შენიშნა, რომ მეწარმე არის ადამიანი, რომელიც რაიმე “ახალს ქმნის” (თანამედროვე ენაზე – “ინოვაციას”), ამდენად ის იკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნილებას ცვალებად გარემოში, ხოლო სამეწარმეო მოგება კანტილიონის მიხედვით, არის იმ შიშის გადასახადი, რომელიც ახლავს რისკს, ყველა სიახლე გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების ახალი პარადიგმა გულისხმობს პრინციპული ხასიათის ცვლილებებს მიკრო­ეკონომიკურ დონეზეც, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევასთან. ცნობილია რომ 1930-იანი წლების `დიდ დეპრესიას~ შედეგად მოჰყვა მანქანური ინდუსტრიის ფართო გავრცელება, 1970-იანი წლების ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელსაც დასაბამი მისცა ენერგეტიკულმა კრიზისმა, განაპირობა რესურსდამზოგავი ტექნოლოგიების, მაკროელექტრონიკის, კომპიუტერული სისტემების პრაქტიკაში დამკვიდრება.

ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ინოვაციური პროცესები ვითარდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაფინანსების ხარჯზე, მაგ. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში მოქმედებს ინოვაციური საქმიანობის სტიმულირებისა და მხარდამჭერი რეგიონული პროგრამები, სადაც დაფინანსების სისტემა შერეულია, თუმცა მკვეთრად გამოხატული ტენდენცია აქვს კერძო კაპიტალის გაზრდისაკენ. ბელგია, საფრანგეთი, იტალია იყენებს სახელმწიფო პროგრამებს, სადაც სახელმწიფო დონეზე ხდება შეღავათების დაწესება და დაფინანსებას აქაც შერეული ფორმა აქვს. გლობალიზაციის პირობებში ინოვაციური პოტენციალი არის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შეფასების განმსაზღვრელი ფაქტორი. ქვეყნის ინოვაციური განვითარების დონის შესაფასებლად გამოიყენება ინოვაციების გლობალური ინდექსი. (The Global Innovation Index). მის გაანგარიშებაში გამოიყენება 82 სხვადასხვა მაჩვენებელი, რომლებიც ახასიათებენ ქვეყნების ინოვაციურ განვითარებას. მათში შედის ის რესურსები, რომელსაც ფლობენ ქვეყნები ინოვაციების დასანერგად, ასევე ინოვაციურ საქმიანობაში მიღწეული შედეგები. აღნიშნული ინდექსი 2012 წლიდან ქვეყნდება. ინოვაციური საქმიანობის ინგლისურ-ამერიკული მოდელის შემთხვევაში ძირითადი აქცენტი კეთდება ბიზნესგარემოსთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე, ხოლო ფრანგულ-იაპონური მოდელის შემთხვევაში – სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის პრიორიტეტული მიმართულებების სტიმულაციებზე და სახელმწიფო მხარდაჭერაზე.

მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ინოვაციური ეკონომიკის განვითარების სტრატეგიაში საკვანძო როლს თამაშობს სახელმწიფო, ვინაიდან სახელმწიფო აერთიანებს მეცნიერებას, განათლებას, კადრებს. სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტული პოლიტიკის გარეშე ინოვაციური განვითარება ფაქტობრივად შეუძლებელია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. მცირე ეკონომიკის პოსტსაბჭოთა ქვეყანა სახელმწიფოს ქმედითი მხარდაჭერის გარეშე ვერ შექმნის ინოვაციურ ეკონომიკას. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ფუნქციონირებს ინოვაციური მხარდაჭერის ვენჩურული ფონდები. ინოვაციების შექმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საუნივერსიტეტო მეცნიერება. ხშირია შემთხვევები, როდესაც უნივერსიტეტების მეცნიერები ქმნიან მეცნიერებატევად ფორმებს, სადაც სტუდენტები და დოქტორანტებიც მონაწილეობენ. თანამედროვე ეკონომიკის ნამდვილი მტერია ეკონომიკური კოლაფსი. სამეცნიერო პროგრესიცა და ეკონომიკური ზრდაც მყიფე ბიოსფეროში მიმდინარეობს და რაც უფრო ჩქარდება ორივეს ტემპი, მათ მიერ გამოწვეული დარტყმები ეკოლოგიურ ბალანსს მით მეტად არღვევს. თუ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი და ეკონომიკური ზრდა ეკოსისტემებს გაანადგურებს, შესაძლოა თვით ცივილიზაციის არსებობასაც დაემუქროს საფრთხე. ადამიანმა იმდენი `მოახერხა~, რომ თვითონ კი არ მოერგო ბუნებას, არამედ მსოფლიო ჰომოსაპიენსების საჭიროებებს და მოთხოვნილებებს მოერგო. ამავდროულად კი განადგურდა ჰაბიტატები და ცხოველთა და მცენარეთა სახეები. ადამიანებმა გაჩეხეს ტყეები, ამოაშრეს ჭაობები, დააგუბეს მდინარეები, დატბორეს ველები, დააგეს ათასობით კილომეტრის სარკინიგზო ლიანდაგები, ჭაბურღილებითა და კარიერებით დაფარეს დედამიწის ზედაპირი, ააშენეს ცათამბჯენებით სავსე მეგაპოლისები, ბეტონის ჯუნგლები, დააბინძურეს წყალი და ჰაერი, ხელოვნური სასუქებითა და შხამ-ქიმიკატებით მოწამლეს ნიადაგი, (რაც ნიადაგის დეგრადაციას, გამოფიტვასა და ეროზიას იწვევს), დიდი რაოდენობით დედამიწიდან გატყორცნილი სათბურის აირებით ხელს უწყობენ ოზონის შრის შემცირებას და გლობალურ დათბობას, რაც, თავის მხრივ, იწვევს მყინვარების ლღობას, მსოფლიო ოკეანეს დონის აწევას და შეუქცევად პროცესებს. ადამიანთა გაზრდილი მოხმარების წყალობით ნაგავს `ოქროს ხანა~ უდგას. ნარჩენების მართვა კიდევ ერთი გლობალური პრობლემაა მსოფლიოსათვის. ნაგვის ინდუსტრია ყვავის. განუვითარებელი ქვეყნები განვითარებული ქვეყნების ნაგავსაყრელია. “ნულოვანი ნაგვის” კონცეფცია, რაც “მწვანეების” დოქტრინაა, მსოფლიოსთვის არ აღმოჩნდა მისაღები ვინაიდან იგი თავის შინაარსში გულისხმობს გაზრდილი წარმოების შემცირებას და ეკონომიკურ ზრდაზე უარის თქმას, მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესები კი არ აპირებენ დათმობას. “უნარჩენო საზოგადოება” ჯერ კიდევ უტოპიად რჩება.

ოდესღაც ჩვენი ლამაზი, ლურჯ-მწვანე პლანეტა ბეტონისაგან დაფარული ნაცრისფერ უზარმაზარ ქარვასლას დაემსგავსა.

მსოფლიომ გააცნობიერა, რომ ბუნებრივი რესურსები მილევადია და ამოწურვადი. მაშინ, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება (7 მილიარდია), ბუნებრივი რესურსები კი ილევა, მსოფლიო ცივილიზაცია მალე ამოწურავს თავის ეკოლოგიურ ლიმიტს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, დედამიწის გამტარუნარიანობა 10 მილიარდია, ხოლო ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ მან უკვე გადააჭარბა თავის ლიმიტს. მიუხედავად პანდემიისა, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დღემდე არ დასრულებულა, ბოლო მონაცემებით მსოფლიო მოსახლეობამ უკვე 8 მილიარდს მიაღწია, ამიტომაც მსოფლიომ შეიმუშავა მდგრადი განვითარების კონცეფცია, რაც გულისხმობს ახლანდელი თაობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ისე, რომ მომავალმა თაობებმაც შეძლონ თავიანთი სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ახლანდელმა თაობამ არ უნდა იცხოვროს მომავალი თაობების ხარჯზე, რაციონალურად უნდა გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და საფრთხე არ შეუქმნას მომდევნო თაობებს. იუნესკოს გადაწყვეტილებით მდგრადი განვითარების ამოცანებია: 1) ეკონომიკური ზრდის ამაღლება, 2) გარემოს დაცვის მდგრადი ბუნებრივი ეკოსისტემების აღდგენის გათვალისწინება, 3) სოციალური თანასწორობის მიღწევა მდგრადი განვითარების საფუძველზე. შემუშავდა “მწვანე ეკონომიკის” კონცეფცია. ეკონომიკური განვითარების ეს მოდელი ამცირებს გარემოს დაცვით საფრთხეებს და ეკოლოგიურ პრობლემებს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, “მწვანე ეკონომიკა” აერთიანებს გარემოს დაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს. “მწვანე ეკონომიკის” მიზანია მილევადი, არა აღდგენადი ბუნებრივი რესურსების ჩანაცვლება ალტერნატიული აღდგენადი რესურსებით, როგორიცაა: მზის ენერგია, ქარის ენერგია, ზღვების მიქცევ-მოქცევის ენერგია და ა.შ., “მწვანე ეკონომიკის” აპოლომეტები დიდი ხანია ლაპარაკობენ ეკონომიკური ზრდის შეჩერებაზე თუ არა შენელებაზე მაინც. ხალხი ეკონომიკურ ზრდას ყველა სიკეთის წყაროდ მიიჩნევს. “ზრდა” თავისი არსით ნიშნავს “კიდევ მეტს”. ეკონომიკური ზრდა შეიძლება ხორციელდებოდეს,  მაგრამ ის პირდაპირ არ აისახებოდეს მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ეკონომიკური ზრდა “უფრო მეტ” იდეა ფიქსად იქცა. ეკონომიკური ზრდის ამ ფენომენმა მთელი მსოფლიოში თითქოს რელიგიური სტატუსი მოიპოვა. კაპიტალიზმს სწამს ეკონომიკური ზრდის და ამ უმაღლესი რწმენებიდან გამომდინარე თავის უპირატეს ცნებებს აყალიბებს, მოგება ეკონომიკურ ზრდაში უნდა დაბანდდეს, ახალ-ახალი ეკონომიკური კონცეფციები ნამდვილად ინოვაციურია: მდგრადი განვითარება, “მწვანე ეკონომიკა” “ლურჯი ეკონომიკა” (“ყავისფერიც” არსებობს) და ა.შ. გლობალიზაციის პირობებში ადამიანები, მსოფლიო საზოგადოება თანხმდება რომ “მსოფლიო ჩვენი საერთო სახლია”, რომ უამრავი საერთო გლობალური პრობლემები გაგვაჩნია: გლობალური დათბობა, ოზონის შრის შემცირება, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ბიომრავალფეროვნების შემცირება, ნიადაგის ეროზია, გაუდაბნოება, სურსათის უსაფრთხოება, ნარჩენების მართვა, და ა.შ. ამ გრძელი სიის სათავეში მოექცა უკვე ისეთი გლობალური პრობლემა როგორიცაა პანდემია.

მსოფლიომ თავისი განვითარების გზაზე, დიდ პროგრესს მიაღწია, გაიარა მონათმფლობელობა, ფეოდალიზმი, რასიზმი, ფაშიზმი, კოლონიციზმი, იმპერიალიზმი, სოციალიზმი. მსოფლიო ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა, რომელსაც გლობალიზაცია ჰქვია. დამთავრდა 70-წლიანი  ცივი ომი, კაპიტალიზმსა და სსრკ შორის.

1991 წლის 8 დეკემბერს, რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ბელოვეჟის შეთანხმებას, რომელიც იუწყება: `ჩვენ ბელარუსის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია და უკრაინა, როგორც სსრკ-ის დამაარსებელი სახელმწიფოები და 1992 წლის საკავშირო ხელშეკრულების ხელმომწერები, ვაცხადებთ, რომ სსრკ, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობა, არსებობას წყვეტს~ – ეს იყო და ეს. საბჭოთა კავშირი გაქრა. ყოფილმა პოსტკომუნისტრმა ქვეყნებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა და გადავიდნენ საბაზრო ეკონომიკის რელსებზე. პოსტკომუნისტურ ქვეყნების ნაწილი კი გარკვეული პერიოდის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანდა, ასევე ნატოშიც, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ისევ მოლოდინის რეჟიმშია. ყოფილი პოსტკომუნისტური ქვეყნები დემოკრატიისა და გლობალიზაციის ფერხულში ჩაებნენ.

თანამედროვე ადამიანს ჰგონია, რომ ტექნოლოგიებით ყველა პრობლემებს გადაჭრის. ეს რომ ასე არაა, გენმოდიფიცირებულმა პროდუქტებმაც დაგვანახა. თავიდან ეგონათ, რომ გენური ინჟინერიით წარმოებული პროდუქტები მოაგვარებდა სასურსათო უსაფრთხოებას, თუმცა აღმოჩნდა რომ ასეთი ხელოვნურად შექმნილი პროდუქტები მრავალ მძიმე დაავადებას იწვევს ადამიანის ორგანიზმში და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ვეშაპის გენი პომიდორში ან ჟირაფის გენი საზამთროში არ შეიძლება სიკეთის მომტანი იყოს. ასეთი მანიპულაციები ბუნების წინააღმდეგ წითელი ხაზების გადაკვეთაა. გენმოდიფიცირებულმა პროდუქტებმა კიდევ უფრო გაზარდა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების ფასი, მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ქვეყნის სასურსათო ბაზარი, სამწუხაროდ, გაჯერებულია გენმოდიფიცირებული იმპორტული პროდუქტებით. სასურსათო დახლებზე კი გამიჯნული არ არის გენმოდიფიცირებული პროდუქტები ბიოპროდუქტებისაგან, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში.

 მაგ. ფინეთი პატარა ქვეყანაა, არა აქვს დიდი ბუნებრივი რესურსები, მა-გრამ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში. თავისი განვითარების ინდექსით, მათ ასევე ძალიან მოქნილი და ინოვაციური განათლების სისტემა გააჩნია. ვიცით ასევე დიდი ქვეყნები, რომლებიც მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მაგრამ მოძველებული ტექნოლოგიებისა და არასათანადო ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ჩამორჩენილი ქვეყნების რიგებში რჩებიან.

ახალი ტექნოლოგიები ძალიან ჩქარი ტემპით ვითარდება. თითქმის ნახტომისებურად. ამ აჩქარებულმა ტემპმა ადამიანებს თავბრუ დაახვია და ტექნოლოგიების ტყვედ გადააქცია: `ადამიანი სოციალური ცხოველია~, მაგრამ შეიძლება ითქვას ახლა ტექნოკრატიული ცხოველად გადაიქცა. ჩამოყალიბებულია ტექნოკრატიული საზოგადოება. როგორც ჩვენი კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თავის ეპისტოლეში აღნიშნავს, ადამიანის სულიერი განვითარება ვერ ეწევა ტექნოლოგიების განვითარებას და ადამიანი ტექნოლოგიების ტყვეობაში ექცევა. ფიზიკოსების მიერ ატომის გახლეჩა უდიდესი აღმოჩენა იყო, რომელმაც ადამიანებს მისცა ატომური ელექტროსადგური, ბევრად მძლავრი, ვიდრე ჰიდროელექტროსადგური, თუმცა ასევე ადამიანმა ეს აღმოჩენა გამოიყენა ატომური ბომბის შესაქმნელად. მისგან შექმნა ადამიანთა მასობრივი განადგურების იარაღი. არც ატომური ელექტროსადგური აღმოჩნდა უსაფრთხო. მსოფლიოს ახსოვს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტრაგედია. ახლაც კი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური (რომელიც ერთ-ერთი უდიდესია) წარმოადგენს საფრთხეს, ეკოლოგიამ არ იცის საზღვრები, ატმოსფერული მოვლენები, ქარი, ღრუბლები, მდინარეები, მთელ პლანეტაზე გადაადგილდებიან და გადააქვთ ეს თვალით უხილავი მომაკვდინებელი რადიაცია. ჩერნობილის ტრაგედიის დროს რადიაციამ სხვა ქვეყნებშიც შეაღწია. მაგალითად, გენიალურმა მზაკვარმა და გამომგონებელმა ლეონარდო და ვინჩიმ გამოიგონა და შექმნა წყალქვეშა გემის მაკეტი, რომელიც თვითონვე გაანადგურა, რათა ბოროტი მიზნებისთვის არ ყოფილიყო გამოყენებული  – შემორჩა მხოლოდ ნახაზის ფრაგმენტი. ასევე მოიქცა უდიდესი და გენიალური გამომგონებელი, მეცნიერი ნიკოლა ტესლა, რომელიც თავის საუკუნეს ბევრად უსწრებდა წინ და უამრავი გამოგონების ავტორია. მას ძეგლიც კი დაუდგეს. ნ. ტესლას გამოგონებების ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, მას ჰქონდა ერთი ისეთი გამოგონება, რომელიც “სიკვდილის სხივის” სახელითაა ცნობილი და რომელითაც შეიძლებოდა დედამიწის შუაზე გახლეჩა. ნ. ტესლიმ ეს გამოგონება სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გაანადგურა.

ინოვაციებმა და აღმოჩენებმა უდიდესი როლი შეასრულეს კაცობრიობის ისტორიაში. განსაკუთრებით ეს ეხება ჯანდაცვის სფეროს. მათ მიეკუთვნება აცრები, ანტიპერსპირანტები, ანტიბიოტიკები, სამედიცინო კვლევები და ა.შ. მათი დამსახურებით გაიზარდა ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, შემცირდა სიკვდილიანობის კოეფიციენტი. მოსახლეობის ასეთი ზრდა მხოლოდ პოპულაციის დამსახურება არაა. მაგ., რიჩარდ ლომგული, მხარში ისრის დაჭრით გარდაიცვალა. შეეჭრა ინფექცია და ვერ უშეველეს. ანტიპერსპირანტები და  ანტიბიოტიკები რომ ყოფილიყო, მრავალი ადამიანი სიკვდილს გადაურჩებოდა. ნანოტექნოლოგიების მიღწევებს პირველ რიგში სამხედრო სფერო ითვისებს.

მსოფლიოში ყოველწლიურად მილიარდამდე ადამიანი შიმშილობს და მათი დიდი ნაწილი შიმშილით იღუპება. განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ჭარბი წონის (სიმსუქნის) გამო სიკვდილის მსხვერპლია, მსოფლიოს საზოგადოებრივი სიმდიდრის 50% ასიოდე უმდიდრესი ადამიანის ხელშია თავმოყრილი. მაგალითად, ჩინეთის დედაქალაქის პეკინის ჰაერი ისეა დაბინძურებული, რომ ხალხი გარეთ გასვლას ერიდება. გაზრდილი ინდუსტრიების ფაბრიკა-ქარხნებიდან ამოსული კვამლით ცა აღარც კი ჩანს. მდიდარი ჩინელები შინ ჰაერსაწმენდი სისტემების დამონტაჟებაში ათასობით დოლარს იხდიან, მულტიმილიონერები ეზოებსაც კი დამცავი მოწყობილობებით ხურავენ. 2013 წელს პეკინის საერთაშორისო სკოლა, რომელშიც უცხოელი დიპლომატებისა და ადგილობრივი მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელთა შვილები სწავლობენ,  უფრო შორსაც წავიდა და თავისი 6 ჩოგბურთის კორტი და სათამაშო მოედანი მთლიანად მილიონ დოლარად ღირებული გიგანტური გუმბათის ქვეშ მოაქციეს. მის მაგალითს უკვე სხვა სკოლებმაც მიბაძეს. ჩინეთში იზრდება ჰააერსაწმენდი სისტემების ტექნოლოგიებზე მოთხოვნა და შესაბამისად იზრდება მისი მწარმოებელი ბიზნესის მასშტაბები. რა თქმა უნდა, პეკინის მცხოვრებთა უმეტესობას ასეთ ძვირადღირებულ ფუფუნებაზე ხელი არ მიუწვდება და არც იმის საშუალება აქვთ შვილების საერთაშორისო სკოლაში სწავლა დააფინანსონ. ღარიბებსა და მდიდრებს ჰაერიც კი აღარა აქვთ საერთო, სხვადასხვა ჰაერით სუნთქავენ, პრობლემის გადაჭრა ძალიან მარტივია, თუ შემცირდება წარმოების ინდუსტრია, ჰაერიც აღარ დაბინძურდება ამ ხარისხით, მაგრამ მაშინ შემცირდება ბიზნესის მოგება და შესაბამისად ეკონომიკური ზრდა, რაც ბიზნესს არ ეთმობა. ჰაერსაწმენდი ბიზნესიც შეიძლება გაკოტრდეს. გაზრდილი წარმოებისა და გაზრდილი მოხმარების ნათელი მაგალითია ნარჩენები. ნაგავს მიაქვს მთელი პლანეტა. XXI საუკუნეში ნაგავს მართლაც `ოქროს ხანა~ უდგას. განუვითარებელი ქვეყნები განვითარებული ქვეყნების ნაგავსაყრელად არიან ქცეული – `მოიხმარე აქ დაყარე სხვაგან~. მიუხედავად ნარჩენების მართვის კონცეფციებისა და რეციკლირებისა, ნაგავი  ბოლომდე არ ქრება. რეციკლირებაც მდიდარი ქვეყნების ფუფუნებაა, ეკოლოგის დამცველები დიდი ხანია `ნულოვანი ნაგვის~ კონცეფციას ითხოვენ, თუმცა მათი ეს მოთხოვნა რჩება `ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა~.

მაღალი ტექნოლოგიები თანდათან ვითარდება. ტვინი, როგორც კომპიუტერი _ კომპიუტერი, როგორც ტვინი, ცოტაც და ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ინტელექტს უკან ჩამოტოვებს, ჭკვიანი რობოტები მალე ჩაანაცვლებენ ადამიანებს. მაგალითად, ფარმაცევტები შეიძლება ექიმებზე ნაკლებად საჭირო გახდნენ. 2011 წელს სან-ფრანცისკოში გაიხსნა აფთიაქი, რომელშიც კლიენტებს ერთადერთი რობოტი ემსახურება. აფთიაქში ადამიანის შესვლისას რობოტის ხელში რამდენიმე წამში მიდის ექიმის მიერ ამ ადამიანისათვის გამოწერილი ყველა რეცეპტი, აგრეთვე დეტალური ინფორმაცია მის სავარაუდო ალერგიაზე და სხვა წამლებზე, რომელსაც კლიენტი ამჟამად იღებს. რობოტი ამოწმებს ახალი მედიკამენტები რომელიმე სხვა წამალთან ან ალერგიასთან შეუთავსებელი ხომ არ არის და ამის შემდეგ გასცემს მოთხოვნილ პრეპარატს. ერთი წლის განმავლობაში რობოტმა ფარმაცევტმა 2 მილიონი რეცეპტისთვის წამლები სრულად უშეცდომოდ გასცა. ადამიან ფარმაცევტებს კი შეცდომები მოსდით.

ისტორიულად შრომის ბაზარი 3 მთავარ სექტორად იყოფოდა: სოფლის მეურნეობად, მრეწველობად და მომსახურების სფეროდ. ადამიანები სამრეწველო რევოლუციის დროიდან მოყოლებული შიშობდნენ, რომ მექანიზაცია მასობრივ უმუშევრობას გამოიწვევდა, თუმცა ასე არ მოხდა, რადგან ძველი პროფესიების გაქრობის კვალდაკვალ ახლები ჩნდებოდა და ყოველთვის იყო რაღაც, რასაც ადამიანები მანქანებზე უკეთ აკეთებდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ მომავალშიც მაღალი ტექნოლოგიების პირობებშიც ასე გაგრძელდება. ამის მაგალითია ზემოთ მოყვანილი რობოტი-ფარმაცევტის მაგალითი. ადამიანებს ორგვარი ძირითადი უნარი  გააჩნია, ფიზიკური და კოგნიტური. მანქანები მხოლოდ ფიზიკურად გვჯობნიდნენ, კოგნიტურ საქმეს კი ადამიანები უკეთ ართმევდნენ თავს, თუმცა რა მოხდება მაშინ, როცა ალგორითმები ფორმების დამახსოვრებაში, გაანალიზებასა და ცნობაში გვაჯობებენ, უცნობია. მეცნიერების ნაწილს მიაჩნდათ, რომ ადამიანს არაცნობიერი ალგორითმებისთვის მიუწვდომელი რაღაც უნიკალური უნარი ყოველთვის ექნება, მაგრამ თანამედროვე მეცნიერები ამ შეხედულებას  თავის მოტყუებად მიიჩნევენ და საპასუხოდ 3 მარტივ პრინციპს აყალიბებენ: 1) ორგანიზმები ალგორითმები არიან, …ყოველი ცოცხალი, ჰომო საპიენსის ჩათვლით, ევოლუციის მილიონობით წლის განმავლობაში ბუნებრივი გადარჩევის შედეგად ჩამოყალიბებული ორგანული ალგორითმების ერთობლიობა; 2) ალგორითმული გამოთვლები არ არის დამოკიდებული მასალაზე, რომლისგანაც გამომთვლელია შექმნილი. სულ ერთია საანგარიშო დაფა ხისაა თუ პლასტმასისა, ორ კოჭს პლუს ორი კოჭი ყოველთვის ოთხ კოჭს უდრის; 3) ამიტომ არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ორგანულ ალგორითმებს ისეთი რამის კეთება შეუძლიათ, რასაც არაორგანული ალგორითმები ვერასდროს გაიმეორებენ ან თავს უკეთესად ვერ გაართმევენ. თუ გამოთვლები ზუსტია, რა მნიშვნელობა აქვს ალგორითმები ნახშირბადისაგან არის აგებული თუ სილიციუმისაგან?

სინამდვილეში ადამიანების კომპიუტერული ალგორითმებით ჩანაცვლება უფრო და უფრო იოლი ხდება. შესაძლებელია მენეჯერებიც კი ჩანაცვლდნენ მძლავრი ალგორითმების წყალობით. `უბერი~ (უბერ) მილიონობით ტაქსის მძღოლს ძალიან ცოტა მენეჯერის მეშვეობით მართავს. ბრძანებებს ძირითადად ალგორითმები გასცემენ, ადამიანის ზედამხედველობის გარეშე, დამოუკიდებლად, 2014 წელს `დიპ ნოლიჯ ვენჩერმა~, რეგენერაციულ მედიცინაში, სპეციალიზებულმა ჰონკონგურმა ვენჩურული კაპიტალის ფირმამ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და ალგორითმი `ვაიტალი~ (ვიტალ) დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩა, `ვაიტალი~ სხვადასხვა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობასთან, კლინიკურ შემოწმებებსა და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციას აანალიზებს და რეკომენდაციას გასცემს, თუ რომელ მათგანში უნდა დაბანდდეს კაპიტალი. რექტორთა საბჭოს სხვა 5 წევრის მსგავსად, ალგორითმიც მონაწილეობს კენჭისყრაში მაშინ, როცა რომელიმე კომპანიაში ინვესტირების საკითხი წყდება. ბევრ კომპანიაში ალგორითმი მმართველ საბჭოში ფარულად იკავებს ადგილს.

საბჭოს ოფიციალურ წევრებად ჯერჯერობით ისევ ადამიანებს ირჩევენ, მაგრამ მათ გადაწყვეტილებებზე ალგორითმები უფრო და უფრო ძლიერ ზემოქმედებენ. ხშირ შემთხვევაში ადამიანები მხოლოდ ბეჭდის დასმით ადასტურებენ ალგორითმების რეკომენდაციებს. რაც მეტ ადამიანს გააძევებენ ალგორითმები შრომის ბაზრიდან, მით უფრო დიდი შანსია, სიმდიდრე და ძალაუფლება ყოვლისშემძლე  ალგორითმების მფლობელი მცირერიცხოვანი ელიტის ხელში მოექცეს და უპრეცედენტო სოციალ-პოლიტიკური უთანასწორობა წარმოიშვას. ისიც შესაძლებელია თავად ალგორითმები გახდნენ მფლობელები კორპორაციებსა. მაგალითად `ვაიტალს~ სხეული და გონება არა აქვს, მაგრამ საერთაშორისო სამართლის სუბიექტია და ფულისა და საკუთრების ფლობის უფლება გააჩნია. შეუძლია სასამართლოში იჩივლოს ან მათ უჩივლონ. მომავალში შეიძლება რობოტი ადამიანის ნება-სურვილებს აღარ დაემორჩილოს. თუ ალგორითმი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს, შეიძლება დიდი ქონებაც დააგროვოს და სურვილისამებრ დააბანდოს. ციფრული ტექნოლოგიები ნანოტექნოლოგიები, საკომუნიკაციო საშუალებები, ხელოვნური ინტელექტი ისე ვითარდება, რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ალგორითმები ჩაანაცვლებენ ადამიანებს შრომის ბაზარზე. ჩნდება ლოგიკური კითხვა, რაღას იზამენ ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად უფუნქციოდ დარჩებიან? მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათთვის ხელოვნების სფერო იქცევა თავშესაფრად. ადამიანები შემოქმედებითად დაკავდებიან, თუმცა საკითხავია როგორ შეძლებენ ამას. შემოქმედებითი ნიჭი ღმერთის საჩუქარია, ყველა ადამიანს არ შეუძლია გახდეს კომპოზიტორი, დაწეროს მუსიკა, გახდეს მხატვარი ან პოეტი, მწერალი, მომღერალი, სპორტსმენი და ა.შ. XXI საუკუნის ბოლოს ან უფრო ადრეც შესაძლებელია უშრომელთა მასის ახალი  კლასი წარმოიქმნას. ეს ადამიანები არანაირ წვლილს არ შეიტანენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გახდებიან `უსარგებლოთა კლასი~. მათი დასაქმება კი შეუძლებელი იქნება. ოქსფორდის მეცნიერებმა ფრეიმ და ისბორნმა გამოაქვეყნეს ნაშრომი `დასაქმებულთა მომავალი~, რომელშიც ავტორებმა მომდევნო 20 წელიწადში სხვადასხვა პროფესის კომპიუტერული ალგორითმებით ჩანაცვლების ალბათობა განაახლეს. ფრეისა და ოსბორნის მიერ გამოთვლების საწარმოებლად შექმნილმა ალგორითმმა დაადგინა, რომ აშშ-ში პროფესიების 47% სერიოზული საშიშროების წინაშე დგას. მაგალითად, 2033 წლისთვის ალგორითმებით პროფესიების ჩანაცვლების პროცენტული მაჩვენებელი ასე გამოიყურება: 99% _ ტელემარკეტერები და სადაზღვევო აგენტები, 98% _ სპორტული თამაშების მსაჯები; 95% _ შეფმზარეულები, 97% _  მოლარეები, 94% _ ოფიციანტები, 94% იურისტთა თანაშემწეები, 89% _  პურისმცხობელები, 91% _ ტურისტული გიდები, 89% _ ავტობუსის მძღოლები, 88% _ მშენებლობის მუშები 84% _ დარაჯები და დაცვის თანამშრომლები, 83% _ მეზღვაურები, 47% _ ბარმენები, 72% _ დურგლები, 67% _ მაშველები და ა.შ. მომსახურების სფეროს ძირითადად რობოტები დაიკავებენ, თუმცა ამ პერიოდისათვის ბევრი ახალი პროფესიაც გაჩნდება. არავინ იცის 2030 წელს ან 2050 წელს შრომის ბაზარს როგორი სახე ექნება. ამიტომ მშობლები უკვე ვეღარ ხვდებიან ახლა რა ასწავლონ შვილებს, ვინაიდან როცა ისინი 40 წელს მიაღწევენ. ბევრი რამ, რასაც ახლა სკოლაში სწავლობენ, აღარ იქნება აქტუალური. ტექნოლოგიური ბუმის წყალობით უსარგებლო მასების გამოკვება და რჩენა მათი ძალისხმევის გარეშეც მოხერხდება, მაგრამ ადამიანებს თუ საქმე არ ექნებათ, ძალიან დაითრგუნებიან და დაკარგავენ ცხოვრების საზრისს. მაგალითად, ექსპერტი ნ. ბოსტრომი გვაფრთხილებს, რომ როგორც კი ხელოვნური ინტელექტი ადამიანისას გაასწრებს, მან შეიძლება კაცობრიობა უბრალოდ გაანადგუროს. ხელოვნური ინტელექტი ასე ალბათ ან კაცობრიობის შიშით მოიქცევა, ვაითუ ადამიანები ამიმხედრდნენ და `გამომრთონო~, ანდა სულ სხვა ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით თავისზე ჭკვიანი სისტემის მოტივაციების მართვა ადამიანებს უაღრესად გაუჭირდებათ. თუნდაც სისტემა კეთილი მიზნების მისაღწევად იყოს დაპროგრამებული, წინასწარ ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. დატაიზმის მტკიცების თანახმად, სამყარო მონაცემთა ნაკადებისაგან შედგება და ყოველი მოვლენის ან არსების ღირებულება მის მიერ მონაცემთა დამუშავებაში შეტანილი წვლილით განისაზღვრება. ამ ერთი შეხედვით რადიკალურმა მოსაზრებამ თითქმის მთელი სამეცნიერო ისტებლიშმენტი დაიპყრო. დატაიზმის ფესვები ორ  დისციპლინაში – ინფორმატიკასა და ბიოლოგიაში უნდა ვეძებოთ. თანამედროვე ადამიანი უკვე ვეღარ უმკლავდება ინფორმაციულ ნაკადებს და ინფოდემია უკვე ჩვენი საუკუნის პრობლემაა. ადამიანის ტვინს უჭირს გაცხრილოს არასაჭირო, მისთვის უსარგებლო ინფორმაციების ნაკადი, რომელსაც იღებს საკომუნიკაციო საშუალებებით. მომავლის რობოტები კი პირიქით, ღრუბელივით შეისრუტავენ ყველა ინფორმაციულ ნაკადებს და წამებში გადაამუშავებენ. 

დასკვნა

გლობალიზაციამ მსოფლიო შეამჭიდროვა და დაახლოვა ერთმანეთს. ერთ რეგიონში წარმოქმნილი პრობლემა მალევე თითქმის მთელი პლანეტის პრობლემად შეიძლება იქცეს. ამის მაგალითია კოვიდ 19-ის პანდემია, თუმცა ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც მაღალგანვითარებული ქვეყნების სიკეთეა, ასეთივე მასშტაბით არ ვრცელდება ჩამორჩენილ ქვეყნებზე. სოციალური უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის არ შემცირებულა. ერთპოლუსიანი მსოფლიოს არსებობა დასრულდა და ის ძალიან მყიფე აღმოჩნდა. მიმდინარეობს ძალთა ახალი გადანაწილება. როგორც პასკალი ამბობდა: “სამყაროს ცენტრი არის ყველგან, პერიფერია - არსად”.  

გამოყენებული ლიტერატურა

1.  აბესაძე რ., “მწვანე ეკონომიკის არსი და გამოწვევები”, ინსტიტუტის 75 და ჟურნალ “ეკონომისტის” 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული “მწვანე ეკონომიკის” ფორმირების თანამედროვე პრობლემები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბილისი, 2019 წ.

2.  თეთრაული ც., ნანოტექნოლოგიების განვითარება და მისი გამოწვევები. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტ. XI. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2019.

3.  ი. ნ. ჰარარი,  ჰომი დეუსი, ხვალინდელობის მოკლე ისტორია. თბილისი. 2021.

4.  ი. ხარშილაძე,  ნიკოლა ტესლა. გამომცემლობა პალიტრა. თბილისი, 2018.